ქუთაისის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ბიუჯეტი 101 481 700 ლარით განისაზღვრა, რაც 12 მილიონით მეტია წინა წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით. ბიუჯეტს მხარი 19-მა დეპუტატმა დაუჭირა.
,,ნაციონალურ მოძრაობას’’ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ 26 დეკემბერს საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამბობენ, რომ პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე გიორგი კილაძე აცხადებს, რომ 2023 წლის ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული მოქალაქეების ინტერესებზე, ამიტომ მას მხარს არ დაუჭერენ.
,,ქუთაისის საკრებულოს ბოიკოტი გამოვუცხადეთ, თუმცა არც ბოიკოტის გარეშე ვაპირებდით მხარი დაგვეჭირა ბიუჯეტისთვის, რომელიც არ არის გათვლილი საზოგადოების ინტერესზე. ბიუჯეტის 43 პროცენტი ხელფასებზე დაიხარჯება და ,,ქართული ოცნების’’ ჩინოვნიკების შენახვას მოხმარდება. გარდა ამისა, ბიუჯეტი ისეა შედგენილი, რომ წლის ბოლოს საკრებულოს მოუწევს ტრანსპორტის საფასურის და პარკირების გადასახადის გაზრდა, რაც ქუთაისელებს მძიმე ტვირთად დააწვებათ,’’-ამბობს გიორგი კილაძე.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია კი აცხადებს, ადმინისტრაციულ ნაწილში ბიუჯეტის მხოლოდ 7% დაიხარჯება. მისი თქმით, ოპოზიცია ციფრებით მანიპულირებს როცა აცხადებს, რომ ბიუჯეტის 43% ხელფასებზე იხარჯება. მისივე განმარტებით, ხელფასები ბაგა-ბაღების ააიპში, კულტურის სამსახურში და იმ სფეროებში, სადაც ბენეფიტს ადამიანი ქმნის, ხელფასი მაღალი იქნება და მათი ბიუჯეტის დიდი ნაწილიც სწორედ თანამშრომლების ანაზღაურებას მოხმარდება.
,,ბიუჯეტის 9% საკრებულოს ეხება. კანონით არის 25% და ვიყენებთ 9%-ს. მმართველობის ნაწილში კი ხელფასებზე 7% იხარჯება. ოპოზიცია ამბობს, რომ 43%-ს ვხარჯავთ ხელფასებზე, რაც ციფრებით მანიპულირებაა. ბაგა-ბაღების, კულტურის ააიპში, სადაც პროდუქტს ადამიანი ქმნის, ხელფასი მაღალი იქნება. ადმინისტრაციულ ნაწილში კი საერთო მაჩვენებელი 7 %-ია,-ამბობს ირაკლი შენგელია.
ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები 19 775 200
ინფრასტრუქტურის განვითარება 24 500 600
დასუფთავება და გარემოს დაცვა 9 076 600
განათლება 17 483 700
კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი 20 993 400
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 7 985 200
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა 1 770 000