დილიდან საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის ოლქების და ქალაქების დიდ ნაწილში.
აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კიევზეც. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივნის, სვეტლანა ვოდოლაგას ინფორმაციით, კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 12 დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის შს-თა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალების ცნობით, დაღუპულია 8 ადამიანი.
უკრაინის კულტურის მინისტრ ოლქსანდრ ტკაჩენკოს ინფორმაციით, კიევის ცენტრში დაზიანებულია ფილარმონია და ორი მუზეუმი.