ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალი სამსახური – ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია ჩამოყალიბდა, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე.
ინფორმაცია ქუთაისის მერიის გვერდზე ვრცელდება.
,,ინსპექცია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი და შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც ევროპის დიდი ქალაქების ანალოგიურ სამსახურებს აქვთ დამკვიდრებული.
სამსახურს ადამიანური რესურსის სახით ჰყავს როგორც გამოცდილი კადრი, ასევე ახალი თანამშრომლები, რომლებმაც უკვე გაიარეს შესაბამისი მზადება ეფექტური მუშაობისა და ხარისხიანი შედეგის მიღწევის მიზნით.ინსპექციის მიზანია მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, მუნიციპალური საკუთრების დაცვა,”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მუნიციპალური ინსპექცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ქუთაისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებასა და მუნიციპალური საკუთრების დაცვას.