ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად არ აქვს ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო თანხა.
მოსახლეობის უმეტესობა აღნიშნავს იმასაც, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა.
2022 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, კითხვაზე – “თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე თუ დაფიქრდებით, 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ?”, 45%-ის პასუხი ნაკლები ფინანსური შესაძლებლობაა.
ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად მხოლოდ მოსახლეობის 4% აფასებს, მოქალაქეების ნახევარზე მეტი, 55% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ცუდ დღეშია.
2020 წლის აგვისტოდან 2022 წლის აგვისტომდე თითქმის 20%-ით არის გაზრდილი იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ წამლების საფასური მისთვის ჯანდაცვის სფეროში მთავარი პრობლემაა – მედიკამენტების მაღალ ფასს მოსახლეობის 76% მიიჩნევს გამოწვევად, 41% წუხს ექიმთან ვიზიტების სიძვირეზე.