,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში ადანაშაულებს.
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე გიგა შუშანია ყვება, რომ 28 ივნისს, ის და მისი გუნდი ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ბუკლეტებს არიგებდნენ და საინფორმაციო კამპანიას ატარებდნენ, რა დროსაც მათთან ქუთაისის მერიის ააიპების თანამშრომლები მივიდნენ და კამპანიისთვის ხელის შეშლა სცადეს. გიგა შუშანიას თქმით, 40-მდე მერიის თანამშრომელი გაბრაზებული მოქალაქეების როლს ასრულებდა და ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა.
გიგა შუშანიამ მათი სახელები და გვარებიც დაასახელა.
,,ამ ყველაფერს ნიკეაზე მერიის წარმომადგენელი ნინო ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობდა. ასევე, იქ იყო დავით ბუხრაშვილი- ზედამხედველობის თანამშრომელი, თენგიზ ფხაკაძე – ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელი, ზურაბ სარალიძე კეთილმოწყობის სამსახურიდან;ასევე, ნიკა დვალი და ლაშა ხინგავა, რომლებიც სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კვერცხებით და საღებავებით დარბოდნენ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უსწორდებოდნენ. 40-მდე საჯარო მოხელე დადიოდა და გვიმტკიცებდნენ, რომ ევროპაში შესვლა საჭირო არ არის. ამბობდნენ ათას სისულელეს: თითქოს ეს ომის დაწყებას ნიშნავდა, თითქოს ამერიკის ეკონომიკა ჩამოინგრა და საქართველოსი ჰყვავის და ა.შ. ‘’-განაცხადა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, დეპოლარიზაციის და ევროინტეგრაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების ნაცვლად, ხელისუფლება ამ პროცესის საბოტაჟს ცდილობს, რაც გიგა შუშანიას შეფასებით, რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯია.