მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, ევროპული საბჭოს ასამბლეის განცხადება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელშიც დასაბუთებულად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ადეკვატური მკურნალობა.
,,ეს არის ევროსაბჭოდან გამოგზავნილი დოკუმენტი დასაბუთებით, რომ მას გადაუდებლად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. მე მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ყველა ექიმს, ყველა ადამიანს, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული, ქალბატონი ნინო ლომჯარიას, უკრაინის ომბუდსმენს, ყველა ექიმს, ყველა ადვოკატს, ვინც იყო პროცესში, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო” , – ამბობს გიული ალასანია.
მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის თქმით კი, განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია.
,,ამ დასკვნამ ცხადჰყო, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ვალდებულება იმისა, რომ დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. შესაბამისად, მიშას მდგომარეობა დადასტურებულია, რომ არის სახიფათო რგოლში და მოითხოვს აუცილებლობას გადაყვანილი იქნას სპეციალიზებულ კლინიკაში”, – ამბობს დავით სააკაშვილი.
ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.
განცხადებაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა და სტრესისგაგან თავისუფალ გარემოში მკურნალობა.