საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, არსებობს სკეპტიციზმი ზოგადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, უკრაინასთან მიმართებაში იმიტომ, რომ ევროკავშირს ამ პრობლემების ევროპაში იმპორტირება არ სურს. რაც შეეხება საქართველოს, პრემიერის მტკიცებით, ამ პროცესში ქვეყანამ მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით და ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, მთავრობამ დაამტკიცა, რომ ის ხალხის დაკვეთას ასრულებს.

,,რომ არა ჩვენი მთავრობა, რა თქმა უნდა, არათუ ევროკავშირი, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. სწორედ ქართული ოცნების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის,’’-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ბრიუსელში ვიზიტებითა და შეკვეთილი სტატიებით ცდილობს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალოს.

“სამწუხაროა, რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ჩვენ შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობენ შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით უცხოურ მედიაში ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ”, -აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, სჯერა, რომ ევროკავშირში არიან ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები და ისინი ასევე მიიღებენ გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *