ქართული ოცნების’’ თამვჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულების შეფასებისას განაცხადა, რომ მას სასჯელი მედიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მხილების ფაქტის გამო მიესაჯა.
“პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საერთოდ არ ვგეგმავდით ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისთვის” ფინანსური ზიანის მიყენების სასამართლო საქმის გარშემო რაიმე საგანგებო განცხადების გაკეთებას. კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და მათ კანონის შესაბამისად შეეფარდათ სასჯელი სასამართლოს მხრიდან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გვარამიაც და დამენიაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან და ამჟამად ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებენ, ვფიქრობთ, არ იძლევა საფუძველს, მედიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების ფაქტს პოლიტიკური განცხადებით გამოვეხმაუროთ.
იმთავითვე აღვნიშნავთ, რომ გვარამიას და დამენიას მიმართ დამდგარ განაჩენზე არც ახლა ვგეგმავთ საუბარს. ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მხოლოდ იმ ისტერიულ კამპანიაზე, რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად უნდა შეფასდეს.
ვიდრე ამ მცდელობას შევაფასებდეთ, მინდა გაგახსენოთ ციტატა 20-ზე მეტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებიდან სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: „როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“.
ეს არის ციტატა სასამართლოს არა გუშინდელი განაჩენის, არამედ 2017 წლის გადაწყვეტილების შესახებ. მაშინაც, 5 წლის წინ, ნაციონალური მოძრაობა, მასთან დაკავშირებული ენჯეოები, მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი და მათი უცხოელი ლობისტები აწარმოებდნენ ისტერიულ, სიცრუეზე და „ფეიკზე“ დაფუძნებულ კამპანიას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ეს სიცრუე და „ფეიკი“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2 წელიწადში ამხილა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსთავი 2 სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები თუ ლობისტები უტიფრად და ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა. ანალოგიური უტიფარი და ურცხვი კამპანიის მომსწრეა საზოგადოება, სამწუხაროდ, დღესაც. შეგახსენებთ, რომ ქრონოლოგიურად სწორედ რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება კამპანიის დაწყება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგაც, რომელიც საბჭოური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით და იარლიყების „მიწებებით“ დღემდე წარმოებს.
გუშინდელი სასამართლო განაჩენის დეტალებზე საერთოდ არ გვსურს საუბარი. ყურადღებას გავამახვილებთ საქმის მხოლოდ ერთ გარემოებაზე. ნაციონალური მოძრაობის ფსევდო-იურისტები განაჩენის „აბსურდულობას“ ამტკიცებენ იმ ფაქტზე მითითებით, რომ გვარამიას ტელეკომპანიის ძარცვა მის მაშინდელ მფლობელებთან შეთანხმებული ჰქონდა. ეს არის სრულიად უსუსური არგუმენტი – როდესაც ტელეკომპანიის უკანონო მფლობელები და გენერალური დირექტორი კანონიერი მფლობელისთვის დასაბრუნებელი ტელეკომპანიის ძარცვაზე თანხმდებიან, ეს გენერალურ დირექტორს პასუხისმგებლობისგან, ბუნებრივია, ვერ გაათავისუფლებს.
კიდევ ერთი ციტატა, ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სანდრო გირგვლიანის საქმეზე: „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
ეს ადამიანები უსამართლობის გარშემო კოორდინაციით ადრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ გვაოგნებდნენ, ახლა ისინი ოპოზიციის რიგებიდან გვაოგნებენ. მართლაც გამაოგნებელია შეთანხმებული ქმედებები, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები, სახალხო დამცველები და უცხოელი ლობისტები მოქმედებდნენ და მოქმედებენ, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსთავი 2-ის მიტაცების საქმეზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილის, 7 ნოემბრის, ტელეკომპანია „იმედის“ და კორუფციის საქმეებზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება ნიკა გვარამიას მიმართ რუსთავი 2-ის ძარცვის საქმეზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.