ქუთაისში, 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული მოზარდის დათა შომახიას ნახატების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის” არსებული ქუთაისის ქალთა კლუბის ორგანიზებით მოეწყო. ნამუშევრები
26-დან 29 აპრილის ჩათვლით იყო გამოფენილი. დასკვნითი ღონისძიება დღეს გაიმართა. ღონისძიებას დათა მამა გია შომახია და პედაგოგი ლია კასპელაშვილიც ესწრებოდნენ.
,,დათა სხვანაირი ბავშვი იყო, საკუთარი სამყარო ჰქონდა. ახლა მის ნამუშევრებს რომ ვეცნობი, მეორე აზრს ვკითხულობ. ერთ ნამუშევარში მთვარე და მდინარეში არეკლილი მთვარის ჩრდილია ასახული. აქ გასაოცარი ის არის, რომ ჩრდილი მთვარეზე დიდია, თითქოს არეკლილი სამყაროა ყველაფერი, დათაც სხვა სამყაროში გადავიდა, თითქოს წინასწარმეტყველური სურათია. დედა-შვილის სურათიც რაღაცნაირი წინასწარმეტყველური სურათი გამოვიდა, რადგან ის დედასთან ერთად დაიღუპა. ძალიან განვიცდი, როცა ვიაზრებ, რომ დათა ვიღაცის უპასუხისმგებლობას შეეწირა,”-ამბობს დათა შომახიას პედაგოგი ლია კასპელაშვილი.
,,დათა უცნაური ადამიანი იყო. მიკვირდა ჩემი შვილის. ხატავდა მაშინ, როცა მუზა მოსდიოდა. ვფიქრობ, მას დიდი მომავალი ჰქონდა,”-ამბობს დათას მამა გია შომახია.
გამოფენის პარალელურად, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა შეეძინა არტ-სტუდია „ანდამატის“ და ქუთაისის ქალთა კლუბის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული კატალოგი ,,დათას ფერადი სამყარო”. კატალოგი სრულად მოიცავს დათას მიერ შესრულებულ ნახატებს და მის ბიოგრაფიულ ნაწილს.
,,ამ დღეების განმავლობაში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა დათა შომახიას ნამუშევრებს , გაცნობოდა დათას სამყაროს. მივიღეთ გადაწყვეტილება ამ გამოფენით დავხმარებოდით არანაკლები ტრაგედიით დაზარალებულ ადამიანებს, უკრაინელ ხალხს,”-ამბობს ქუთაისის ქალთა კლუბის თავმჯდომარე მარიკა ვაჭარაძე.
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 12 წლის დათა შომახია დედასთან ერთად.