კლინიკების ასოციაციის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, მოწამლულია.
ასოციაცია ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე აკეთებს. განცხადებაში წერია, რომ გამოხატული მდგომარეობა ეჭვს აჩენს, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მწვავე ინტოქსიკაცია მიმდინარეობს.
“მარტივად შეიძლება ითქვას, რომ მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი მოწამლულია გარკვეული ტოქსინებით, ვისი, ან რისი მიზეზით არ ვიცი, მაგრამ ჩვენ დღეს საქართველოში მივიღეთ მეორე ნავალნი. დასადგენია რამ გამოიწვია მოწამვლა, არაა გამორიცხული საკვებს, ან მედიკამენტებს გამოეწვია,’’- ამბობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორია.
ვილი პაჭკორიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირის მანძილზე დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მაღალკვალიფიციურ კლინიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში,ექიმები იძულებული გახდებიან, პროტესტს მიმართონ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 აპრილს, სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა.