საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მედიკამენტებზე მაღალი ფასები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეს საკითხი პრაქტიკულად უკვე მოგვარებულია.
მისი თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი 200-მდე დასახელების მედიკამენტი 60-70%-ით გაიაფდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობიუს სხდომაზე ისაუბრა.
“გახსოვთ, მაშინ რომ დავიწყეთ ჩვენ საუბარი ამ საკითხზე, დიდი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკული გამონათქვამებიც, უსამართლო კრიტიკაც, სკეპტიციზმიც, ძალიან ბევრი ოპონენტის მხრიდან, რომ ეს მიუღწეველი, შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და ამ მედიკამენტების შემოტანა დაიწყო, დღეს 60-70%-ით დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი 200-მდე მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი, თორემ სისტემაში 10 000-ზე მეტი მედიკამენტი არის დარეგისტრირებული. ყველაზე მოთხოვნადი წამალი, რაც იყო სწორედ მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება. ამიტომ დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი ბევრად იაფია,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო ახალ ეტაპზე გადადის. მისი თქმით, ყველა პროგრესი, რაც ევროინტეგრაციის კუთხით იქნა მიღწეული, მმართველი გუნდის დამსახურებაა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იმყოფება ლუქსემბურგში, სადაც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდება, რომელიც ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს. მოგეხსენებათ, რომ ამით ჩვენ რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ, მას შემდეგ რაც ჩვენ წევრობაზე აპლიკაცია და განაცხადი წარვადგინეთ. პროცესი დაწყებულია, ახლა ჩვენ მივიღებთ ამ კითხვარს. ამ პროცესს სჭირდება ყველა უწყების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა. მე პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს, პირადად ვიქნები ჩართული ამ პროცესში. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ ბრიუსელს შევსებული კითხვარი,’’-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.