ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს.
გიორგი თავაძე კონკურსის წესით კულტურის სამინისტრომ 4 წლის ვადით დანიშნა.
სამხატვრო ხელმძღვანელი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობით შეხვედრაზე ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ოთხწლიან პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ფინანსურ პრობლემებზე.
გიორგი თავაძის თქმით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრი ითანამშრომლებს სხვადასხვა თაობის რეჟისორებთან. მისი მიზანია თეატრში სპექტაკლის აკადემიური ხარისხი გაიზარდოს.
“გამოწვევა არის ძალიან სერიოზული და კარგად მაქვს გაცნობიერებული რა მნიშვნელობის და ტრადიციის თეატრში ჩამოვედი. მთავარი აქცენტი მაინც მაქვს მაღალ მხატვრულ რეპერტუარზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან ვფიქრობ, რომ თეატრი არის ის ადგილი, სადაც მაღალხელოვნებასთან მინიმუმ მიახლოებული მაინც უნდა იყო. გართობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მათ შორის თეატრშიც, მაგრამ რაღაც თამასა არსებობს, რომლის ქვემოთაც აკადემიური თეატრი არ უნდა ჩამოდიოდეს. უამრავი პრობლემაა, არის სარემონტო. ასევე რომ მაჩვენოთ, რომელიმე თეატრის ხელმძღვანელი, რომელიც იტყვის, რომ მას ყოფნის ფული, არ დავიჯერებ, რადგან ესეთი რამ არ ხდება”, – განაცხადა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი თავაძემ.