უკრაინაში საომარი ვითარება გრძელდება.
ყოველდღიურად იბომბება ქალაქები, იღუპებიან ადამიანები და ნადგურდება შენობა-ნაგებობები. ქვეყანა დატოვა უამრავმა ადამიანმა და თავშესაფრის ძიება სხვა ქვეყნებში დაიწყო. განვითარებული მოვლენების გამო უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. მათ შორისაა ქუთაისელი ზაალ კუხიანიძეც, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გახსნილ ჰუმანიტარულ ცენტრში უკრაინელ დევნილებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.
,,დევნილ უკრაინელებს საზღვარზე ვხვდებით, ვეხმარებით ბარგის გადატანაში, გადათარგმნაში, ბილეთების შეძენაში, ადგილზე დაბინავებაში, ყველანაირი ინფორმაციის მოძიებაში. აქ ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. მათი გადახდილი თითოეული მადლობა მაძლიერებს და მმატებს ბრძოლის ჟინს, მეტი გავაკეთო მათთვის. მაოცებს უკრაინელი ხალხის შემართება. როცა ვეუბნებით დაგეხმარებით მეთქი, ამბობენ, მადლობა, არა, თავად გავაკეთებო. საოცარია როგორ არ იღლებიან. ომს გამოექცნენ, რამდენიმე საათი მგზავრობდნენ და მაინც ჩვეული შემართებით არიან,”- ამბობს ზაალ კუხიანიძე.
ის ასევე უკრაინელი ქალების შემართებას და ბრძოლისუნარიანობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი გამარჯვებისთვისაა დაბადებული.
,,ქალები ამბობენ, რომ თუ მათი ქმრები ბრძოლის ველზე დაეცემიან, უკრაინაში დაბრუნდებიან და თავად იბრძოლებენ. საოცარი შემართება აქვთ, უკრაინელები გამარჯვებისთვის არიან დაბადებულნი და უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. მაოცებს მათი სიყვარული ცხოველებისადმი. ერთი გოგონა რამდენიმე დღის წინ იყო პოლონეთში გადმოსული, უკრაინაში კატები დაუტოვებია. უკრაინაში დაბრუნდა, წამოიყვანა კატები და ჩამოვიდა ისევ პოლონეთში. აი, ასეთი სიყვარული იცის უკრაინელმა ხალხმა,”-ამბობს ზაალ კუხიანიძე.
მისი თქმით, უკრაინელი დევნილებიდან საქართველოში ჩამოსვლის სურვილი არაერთმა გამოთქვა და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მზაობა, მიიღოს უკრაინელი ხალხი.
რუსეთმა უკრინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.