თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა ნათესავი, 82 წლის ქალი, ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა.
სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ნ. ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანში, ნათესავ ქალს – 1940 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბასრი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის შემდეგ ნ.ნ.-მ ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. იგი კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა,”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.