პროექტის ,,დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად’’ ფარგლებში, ქუთაისში დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანს იმ ადამიანებს დასაქმება წარმოადგენს, რომლებსაც შრომის ბაზარზე დამატებითი ბარიერების გადალახვა უწევთ. შშმ პირებს, მარტოხელა დედებს, პენსიონერებს, ადამიანებს კარიერული განვითარების სამწლიანი წყვეტით, სამუშაო გამოცდილების არ მქონე პირებს, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ კონსულტაცია დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში და მიიღონ დასაქმების რეალური შესაძლებლობა. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, ამ ადამიანების გადამზადებას და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვას, რაც მათ დასაქმებას ხელს შეუწყობს.

,,ცენტრის მიზანია დაეხმაროს ბენეფიციარებს მოარგონ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები შრომის ბაზრის საჭიროებებს,’’-ამბობს პროექტის მენეჯერი ნანა წოწონავა.

შეხვედრაზე ასევე შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, შეუსაბამობაა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, რადგან პოტენციური დასაქმებულები დამსაქმებლის მოთხოვნებს ვერ ან ნაწილობრივ აკმაყოფილებენ. სწორედ ამიტომ პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ განავითარონ საკუთარი უნარები, რათა დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მოთხოვნები.

,,მე ამ პროექტის ბენეფიციარი ვარ. ამ ეტაპზე დასაქმების კონსულტანტი მეხმარება. ვეძებთ ვაკანსიებს, ვაწარმეობთ მოლაპარაკებებს დამსაქმებლებთან და იმედია, მალე დავსაქმდები. გამომდინარე იქედან, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირი ვარ, ვეძებ სამუშაოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ქოფირაითინგის სფეროებში, რასაც ფიზიკური დატვირთვა არ სჭირდება,’’-ამბობს პროექტის ბენეფიციარი, გეგა ორჯონიკიძე.

პროექტი ,,დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად’’ ოთხი ორგანიზაციისგან შექმნილი კონსორციუმის მიერ ხორციელდება. ესენია: ფრიდრიხ ებერტის ფონდი; განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი; დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო; დემოკრატიის განვითარების სააგენტო. პროექტის ფარგლებში სამი დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა: 2 თბილისში და 1 ქუთაისში.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ქუთაისში, ნიუპორტის #19-ში მდებარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *