,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა საკრებულოს სხდომა დატოვა.
კახაბერ გაბუნია და რომან ქვაჩაკიძე ქალაქის მერის ხელფასის ზრდას ეწინააღმდეგებიან. ამასთან დაკავშირებით დეპუტატები ქალაქის მერს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კახა გაბუნიამ და რომან ქვაჩაკიძემ იოსებ ხახალეიშვილს ჰკითხეს იცოდა თუ არა რამდენი შშმ პირი იყო ქალაქში და ასევე გააზრებული ჰქონდა თუ არა რამდენ ადამიანს ართმევს მადლიერების სახლში საკვებს, როცა მისი ხელფასი ორმაგდება. რაზეც მერმა უპასუხა, რომ დემაგოგობას შეშვებოდნენ.
,,ბატონი სოსო ამბობს ხელფასის მატების ღირსი ვარ და მეტი უნდა მქონდესო, როცა არ იცის რამდენი ბენეფიციარი ჰყავს. მორალს გვიკითხავს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება უშიშროების აგენტი იყო. მისი დემაგოგობა ვერ ავიტანე და სხდომა დავტოვე,”-ამბობს რომან ქვაჩაკიძე.
,,მერი თავის ხელფასს იორმაგებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს კი 180 ლარს უნიშნავს. შშმ პირებს, ჯამში 6000 კაცს, მხოლოდ 60 000 ლარი გამოუყო. ამ დროს ხელფასები 7 მილიონით იზრდება”-ამბობს კახაბერ გაბუნია.
ქუთაისის საკრებულო დღეს 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს.