2021 წლის 27-28 დეკემბერს, 14:00 სათიდან 18:00 საათამდე, სამედიცინო ცენტრ აილაინში, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან პარტნიორობით, გაიმართება აქცია

60+ კლუბის წევრებისთვის. აქციის ფარგლებში, კლუბში გაწევრიანებული  54-დან 72 წლამდე ასაკის, 32 პირი ისარგებლებს უფასო ოფთალმოლოგიური მომსახურებით.

 

 

თანამედროვე, გერმანული აპარატურით აღჭურვილ კაბინეტებში, 60+ კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალკვალიფიციური ექიმი ოფთალმოლოგებისგან მიიღონ კონსულტაციები და ისარგებლობენ შემდეგი დიაგნოსტიკური სერვისით: ვიზომეტრია – მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა; უკონტაქტო ტონომეტრი – თვალის წნევის განსაზღვრა; ბიომიკროსკოპია – თვალის წინა სეგმენტის დათვალიერება; ოფთალმოსკოპია – უკანა სეგმენტის დათვალიერება; A და B სკანირება – თვალის კაკლის სიგრძის განსაზღვრა, ბროლის სისქე, თვალის ეხოსკოპია, OCT-კვლევა – მხედველობის ნერვის და მაკულარული ზონის შრეობრივი კვლევა; კერატო-რეფრაქტომეტრია-სათვალის ნომრის ზუსტი განსაზღვრა; გოლდმანის ლინზით თვალის კუთხის დათვალიერება და თვალის ფსკერის სრული კვლევა  – (გალუკომა, მიოპია, დიაბეტი).

 

საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს საშუალება ექნებათ ჩაიტარონ სხვადასხვა ტიპის ოფთალმოლოგიური ოპერაციები.

სამედიცინო ცენტრის მაღალტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, პროფესიონალიზმის, ეთიკის და სოციალური კოორპორატიული პასუხისმგებლობის დაცვამ, სანდო და საიმედო რეპუტაციის შენარჩუნებამ, გამოცდილ, კვალიფიციურ კადრებთან ერთად, განვითარების მაღალი ტემპი, რეგიონალური აღიარება და წარმატება განაპირობა. აილაინი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი კოორპორატიული პასუხისმგებლობით. 2016 წლიდან დღემდე, სრულიად უფასოდ ათასობით მატერიალურად შეჭირვებულმა პაციენტმა, ასაკით პენსიონერმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და სოციალურად დაუცველმა პირმა მიიღო მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურება. მსგავსი ტიპის აქციები 2022 წელსაც გაგრძელდება და მოწყვალდი ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.

 

მოკლედ 60+ კლუბის შესახებ: “60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე. კლუბი ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რაც საგრძნობლად ამცირებს დეპრესიისა და ხანდაზმულობისათვის დამახასიათებელი სხვა პრობლემების წარმოქმნის რისკს და საშუალებას აძლევს უფროსი თაობის მოქალაქეებს, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *