საქართველოს სახელმწიფოსთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ქვეყნის ტერიტორიული საზღვრების შემდეგ, უმუშევრობა და ინფლაციაა.
კოვიდპანდემიის პირობებში თვეობით გამოცხადებულმა ლოქდაუნებმა, შეზღუდვებმა, ადამიანებს საარსებო სამსახურები გამოაცალა და სოციალური ყოფა კიდევ უფრო დაუმძიმა.
პანდემიით კიდევ უფრო დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ადამიანებისთვის გამოსავალი კვლავ მიგრაცია გახდა. თუმცა, პანდემია როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენთანაც შეუწყო ხელი გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების განვითარებას. იმ პერიოდში, როცა ადამიანები სახლში გამოკეტილი აღმოჩნდნენ, საჭირო აღმოჩნდა მიტანის სერვისი, რომელიც მანამდეც აქტიურად მუშაობდა, განსაკუთრებით თბილისში.
ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის, საქართველოშიც შეუწყო ხელი ახალი პროფესიების გაჩენას და ,,Gig ეკონომიკის“ განვითარებას, რომელიც გულისხმობს კონკრეტული პროექტის, მომსახურების ან ამოცანის შესასრულებლად დაქირავებულ ადამიანს, რომელიც მათთვის მოსახერხებელ დროში ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.მათ ხშირად თვითდასაქმებულებს, დამოუკიდებელ კონტრაქტორებს, გიგ-ვორქერებს, ფრილანსერებს უწოდებენ და მათ შორის არიან: ბლოგერები, ქოფირაითერები, გრაფიკული დიზაინერები, მთარგმნელები, მომსახურების სფეროში დასაქმებული კურიერები და მძღოლები, რომლებიც მიწოდების სერვისში მუშაობენ კომპანიებისთვის.
საკვების სწრაფი მიტანის სერვისი გახდა დღეისთვის ძალიან პოპულარული საშუალებაა, მათ შორის დროის დაზოგვის მხრივ. დღეს, სახლიდან საკვების შეკვეთა, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, საქართველოს საზომით მეგაპოლის თბილისშია შესაძლებელი, არამედ შედარებით პატარა ქალაქებშიც: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში.
2018 წელს საქართველოს მცირე მოცულობის ბაზარზე ერთდროულად ორი გლობალური საკურიერო კომპანია „Glovo“ და„Wolt“ შემოვიდა.
სწორედ ამ დროიდან, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი დასაქმების წყარო – მიტანის სერვისში მუშაობა გახდა. ყოველ დღე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთსა და ამინდში, ზურგზე იზოთერმული ჩანთებით, ველოსიპედებით, მოპედებით და ბაიკებით, კურიერებს შეკვეთები ქალაქის ნებისმიერ ადგილას მიაქვთ.
მიუხედავად, კურიერების სპეციფიური და მძიმე შრომისა, მათზე არ ვრცელდება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი პირობები, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღურება, ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტული შვებულება თუ სხვა სოციალური გარანტიები, რადგან ისინი დამოუკიდებელ, პარტნიორ კონტრაქტორებად მიიჩნევიან და არ არიან დასაქმებულები შრომითი ხელშეკრულებით.
ქუთაისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით კურიერებს, მათ შორის ველოსიპედიან კურიერებსაც. ველოსიპედით საკურიერო საქმიანობა ისეთ ინფრასტრუქტურულ გარემოში, სადაც არც საველოსიპედო ბილიკებია და ტროტუარებიც მანქანებითაა გადაჭედილი, ამ საქმის შესრულებას კიდევ უფრო რთულს ხდის. თუმცა, ამ სირთულეების მიუხედადავად, დეა ჩემინავას გლოვოს კურიერს, რომელიც დღეში 10 საათს მუშაობს, ქალაქის ნებისმიერ ადგილას მიაქვს შეკვეთა.
დეა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად სამუშაოს სირთულეებისა, მისთვის ეს სამსახური მოსახერხებელია, რადგან დამატებითი შემოსავლის წყაროა და თავისუფალი გრაფიკი აქვს. მისი თქმით, განსაკუთრებით რთულია ქარიანი, წვიმიანი დღეები და აღმართები. კურიერობის ნეგატიურ მხარეებს კი ველოსიპედის სიყვარული უიოლებს.
იგივეს აღნიშნავს ვოლტის კურიერიც, რომელსაც ინტერვიუში სახელისა და გვარის დასახელება არ სურს. მისი თქმით, სამუშაოს უარყოფითი მხარეების გარდა, თავისუფალი გრაფიკი და სხვა სამსახურთან შეთავსება ის პლიუსებია, რომლის გამოც ამ საქმეს თანხმდება.
,,ჩვენთან მდგომარეობა არანაირად არ შეცვლილა. სხვებთან ვიცი, რომ ხელფასების შემცირებაზე იყო საუბარი. კურიერებს უნდა მოემატოთ ხელფასი, რადგან წვიმაში, თოვლში, ქარში, ყველანაირ პირობებში გვიწევს სკუტერით და სხვა ტრანსპორტით გადაადგილება. სიმართლე გითხრათ, ძნელი სამუშაოა, თითოეულ ჩვენგანს გვიჭირს ამ მდგომარეობაში მუშაობა, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არაა! ამ პირობებს, იმიტომ ვეგუებით და ის გვაჩერებს, რომ თავისუფლებაა ამ სამსახურში მოსახერხებელი რომ დროის მხრივ, შენ უთავსებ როგორც გინდა,“ – ამბობს ის.
დამსაქმებელ კომპანიას პასუხიმგებლობა არ ეკისრება მიწოდების ხელშეკრულების შესრულების დროს საგზაო მოძრაობის დარღვევების ან უბედური შემთხვევის გამო. ზოგადი წესების 9.2. პუნქტის თანახმად, კურიერი ერთპიროვნულადაა პასუხისმგებელი მიწოდების ხელშეკრულების შესრულებაზე და კომპანია თავის თავზე არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას.
,,სახიფათოა სამსახურია, ორჯერ მოვხვდი ავარიაში. მაგალითად ცუდ ამინდში რისკია მოსრიალების. სწრაფად სიარულის დროს მუხრუჭს ვერ გამოყენებ, იმიტომ რომ საკვები არ დაგიზიანდეს ყუთში და კიდევ ბევრი პრობლემატური ფაქტორია. ხიფათს გვიქმნიან მანქანები, არ გვითვალისწინებენ გზებზე. ამასთანავე, ჩქარა ვერ ვივლით, რადგან სკუტერებია და 60 სიჩქარეზე არ აქვს.
2021 წლის 29 იანვარს თბილისში შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გლოვოს კურიერებმა აქცია გაიმართეს. გლოვოში დასაქმებულებმა მაშინ რთული სამუშაო პირობები და არასათანადო ანაზღაურება გააპროტესტეს . ისინი ამბობდნენ, რომ კომპანიამ მომსახურების ტარიფი შეამცირა.
„ვითხოვთ, დაგვიფასდეს ის შრომა, რასაც სიცოცხლის ფასად ვრისკავთ. დაბრუნდეს ის ძველი ტარიფები, რაც იყო. გვამუშავებენ ისე, როგორც მონებს. კაპიკებს გვიხდის კომპანია, ფიქსირებულ 2 ლარზე, მაგალითად, არის 40 თეთრი, 30 თეთრი დანამატი, ანუ 24 საათი უნდა იმუშაო, რომ რამე მაინც დაგრჩეს“, – ამბობდა ერთ-ერთი კურიერი.
„ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, რობოტები ხომ არ ვართ. მოთხოვნა გაიზარდა და შეკვეთები და კომპანიამ ჩვენი მომსახურების ტარიფი შეამცირა. მინიმუმ, 3 000 ადამიანთან გვაქვს დღეში შეხება. ჩვენც ხომ რისკის ქვეშ ვართ“, – აქციის მონაწილე.
„გლოვერების“ პროტესტმა მაშინ გარკვეული შედეგი გამოიღო: კომპანიამ ცოტა ხანში ანაზღაურების ძველი ტარიფი დააბრუნა, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ შეცვლილა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური პირობები სამართლებრივად კვლავ არ ვრცელდება არცერთი კომპანიის კურიერებზე.
17 მარტს, Bolt Food-ის კურიერებმაც შეაჩერეს პროტესტის ნიშნად მუშაობა და სხვა საკითხებთან ერთად, ტარიფების გაზრდა და საბონუსე სისტემის გადახედვა მოითხოვეს.
კომპანიამ, რომლის ცენტრალური ოფისიც ესტონეთში მდებარეობს, განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია „პარტნიორების (ანუ კურიერების) ყოველდღიურ საქმიანობაში გამორჩეული მხარდაჭერით უზრუნველყოფა“, თუმცა დემონსტრაციაზე პასუხად რამდენიმე კურიერი სისტემიდან დაბლოკა.
ის რომ მიტანის სერვისში დასაქმებული კურიერი „დასაქმებულია“ და არა „პარტნიორი „კონტრაქტორი“,ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში სხვადასხვა დამოკიდებულებაა: ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 2020 წელს მიიღო გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც საკვების მიტანის სერვისის მიმწოდებლები დასაქმებულები არიან და არა თვითდასაქმებულები.
იტალიაში გაფართოვდა შრომითი დაცვის სფეროს არეალი და ვრცელდება ყველა დასაქმებულზე, მათ შორის, პლატფორმის მეშვეობით დასაქმებულ პირებზეც, თუ კოლექტიური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნაც, რომ 2020 წლის ბოლოს, პალერმოს ტრიბუნალმა Glovo-ს კურიერი დასაქმებულად მიიჩნია.
მნიშვნელოვანია ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, Glovo-ს დასაქმებული ამტკიცებდა, რომ მართალია, მასთან გაფორმებული იყო მომსახურების ხელშეკრულება (independent contractor), თუმცა, ურთიერთობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ის მიჩნეულ უნდა ყოფილიყო შრომით სამართლებრივად. Glovo-მ მოსარჩელეს შეუწყვიტა ხელშეკრულება, მოსარჩელე კი მიიჩნევდა, რომ მას უფლება ჰქონდა, ესარგებლა ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული ბენეფიტებით, რომელიც გარანტირებულია ესპანეთის შრომის კანონმდებლობით. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა რომ კურიერი იმყოფებოდა Glovo-ს კონტროლის ქვეშ და მუშაობდა მის სასარგებლოდ.
კურიერერების პროტესტი საქართველოში მხოლოდ იანვარში-მარტში გამართული პროტესტებით არ შემოფარგლულა. გლოვოში დასაქმებულმა კურიერებმა აქცია თბილისში 2021 წლის 16 მაისსაც გამართეს. მათი პროტესტის საგანი კვლავ საბონუსე სისტემა და სამუშაო დროის ცვლილება იყო.
მაშინ კომპანიამ დაადასტურა საბონუსე ცვლილებების შესახებ და განმარტებაც გააკეთა.
• საბონუსე სისტემაში
“ძველი სისტემის მიხედვით, პარტნიორი კურიერები იღებდენენ ყოველკვირეულ ბონუსს. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ კურიერებს უწევდათ შეესრულებინათ შეკვეთების გარკვეული რაოდენობა, რათა კვირის ბოლოს მიეღოთ კუთვნილი სახელფასო დანამატი, რაც საკმაოდ დიდ დროის რესურსსა და ენერგიას მოითხოვდა.
საბონუსე სისტემაში შესული ცვლილებების შემდეგ კი იხსნებოდა ყოველკვირეული ბონუსები და ისინი ყოველდღიურად, სხვადასხვა საათზე გადანაწილდება.
კომპანია ამბობდა, რომ ცვლილება დასაქმებულებისთვის პოზიტიური იყო, რადგამ ნებისმიერ დროს შეძლებდნენ ბონუსების გამომუშავებას.
გიგ-ეკონომიკაში ხშირად მოიაზრებენ მიწოდების სერვისში დასაქმებულ კურიერებს და მათ შორის მძღოლებსც, რომლებიც ტაქსის კომპანიებში აპლიკაციებზე მუშაობენ. რამდენად ზუსტია, ისინი დასაქმებულებად არ იყვნენ კლასიფიცირებულები?
მკვლევარი, სოციოლოგი სალომე ქაჯაია „სოლიდარობის ცენტრისთვის“ მომზადებულ კვლევაში [„დამოკიდებულ თვითდასაქმებულთა დაცვის მექანიზმები ევროკავშირის ქვეყნებში და პერსპექტივები საქართველოსთვის“, 2020] ციტირებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებას, რომელიც წმინდად დაქირავებით დასაქმებასა და წმინდად თვითდასაქმებას შორის დარჩენილი შრომითი კატეგორიას განსაზღვრავს, როგორც „შეფარულ შრომით ურთიერთობას“, სადაც „დამსაქმებელი ინდივიდს არ ექცევა, როგორც დასაქმებულს და ფარავს მისი, როგორც დასაქმებულის იურიდიულ სტატუსს“.
კითხვით, თუ რატომ არ უნდა იდებოდეს კომპანიასა და კურიერს შორის შრომითი ხელშეკრულება, ვოლტის“ მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი ამბობს, რომ „კომპანია არ უწევს პარტნიორ კურიერებს ზედამხედველობას, — მათ არ ჰყავთ ხელმძღვანელი, აქვთ თავისუფალი გრაფიკი, არ მოეთხოვებათ კონკრეტული ფორმის ტარება, მათთვის არ არის დაწესებული სავალდებულო სამუშაო საათები, მუშაობის დრო ან შეკვეთების რაოდენობა, აქვთ თავისუფალი გრაფიკი, კომპანიას არ აქვს არანაირი მოთხოვნა განათლების და არც სხვადასხვა მიმართულებით. მისი თქმით, ერთი მოთხოვნა, რაც კომპანიას აქვს, არის ის, რომ შეკვეთა აუცილებლად თერმული ჩანთით უნდა იყოს გადატანილი, რადგან მისი თერმული მდგომარეობა არ დაირღვეს“;
ვოლტის მენეჯერი ამბობს, რომ „ეს მათ საშუალებას აძლევს, ცხოვრება დაგეგმონ ისე, როგორც სურთ. ბევრი მათგანი მუშაობს სხვა სამსახურში და ამ საქმეს აკეთებს შეთავსებით, რათა დამატებითი შემოსავლის წყარო ჰქონდეს; რომ შეუთავსონ დღიურ აქტივობებს — სკოლიდან ბავშვის გამოყვანას, ოჯახს და ა.შ. მნიშვნელოვანია, ეს მოქნილობა შევუნარჩუნოთ ამ ადამიანებს“.
GTUC-ის იურისტ თამარ სურმავას თანახმად, დამსაქმებლის ინტერესია, ხარჯები თავიდან აირიდოს, რასაც დასაქმებულის სოციალური ბენეფიტების ხარჯზე აკეთებს:
„კომპანია ირიდებს თავიდან ხარჯებს: მაგალითად, როდესაც არეგისტრირებს არა დასაქმებულად, არამედ ინდმეწარმედ — რაც ხშირად ხდება კურიერების და ტაქსისტების შემთხვევაში, — მაშინ … არ უწევს შვებულების, ბიულეტენის თანხის დაფარვა; არ მოუწევს დასაქმებულის დაზღვევა; მაქსიმალურად ამცირებს ხარჯებს. ამასთან, არ აქვს ვალდებულება, დასაქმებული გათავისუფლების წინ გააფრთხილოს ან რაიმე კომპენსაცია გადაუხადოს“.
„ღირსეული შრომის პლატფორმა“ კი ამბობს, რომ დასავლეთიდან საქართველოში ავტომატურად კოპირებული ტექნოლოგიური მოდელი, კურიერებს შრომითი უფლებების მინიმალური დაცვის გარანტიების მიღმა ტოვებს. „ამ სექტორის თავისებურებაა ბიზნესის ოპერირება დასავლეთის ქვეყნებიდან ავტომატურად კოპირებული ტექნოლოგიური მოდელით, რომელიც კურიერებს დასაქმებულების ნაცვლად, ინდივიდუალურ კონტრაქტორებად განიხილავს და, შესაბამისად, მათ შრომითი უფლებების დაცვის მინიმალური გარანტიების მიღმა ტოვებს“.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს” This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organisation «For Rights and Education» and do not necessarily reflect the views of the European Union