ოპოზიციური არხი IPSOS-ს არაკეთილსინდისიერ და არაპარტნიორული ქმედებაში ადანაშაულებს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ, არამედ რეპუტაციული ზიანისა და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.
გვარამია ამბობს, რომ მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია “მთავარის” პარტნიორი კომპანიის პოზიციის თაობაზე ინფორმაცია ქართული ოცნების ბრიფინგიდან მიიღო.
მისი თქმით, არჩევნებამდე ახალ ორგანიზაციასთან კონტრაქტის დადება ეგზიტპოლების ჩატარებისთვის, პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესში შედის.
“რუსული ყაიდის ოლიგარქიულ ქვეყანაში, რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. ბოლო საათებში ჩვენ ინტენსიურად ვიკვლევდით ამ საკითხს და მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავადგინეთ პირი, რომელიც მთავარი ფიგურანტია ამ სიყალბეში და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია კონკრეტული მიზეზიც, რამაც განაპირობა ეს არაკეთიოსინდისიერი ქმედება. რეპუტაციაშელახული კომპანია ვეღარ იქნება ჩვენთვის სანდო და საიმედო პარტნიორი. მით უფრო, ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნების დროს და, მით უფრო, როცა ვსაუბრობთ ეგზიტპოლზე.”
“სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია 2 დღეში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება. ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და სწორედ ამ მიზეზით მივიღეთ დივერსია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ ქართული იფსოსის ამგვარმა მოქმედებამ საფრთხის წინაშე დააყენა ქართული დემოკრატია, ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა ხვალ, არჩევნებზე, მაინც შევძლოთ ეგზიტპოლის ჩატარება”, — ვკითხულობთ ტელეკომპანია მთავარის დირექტორის პოსტში.
მთავარი არხის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი თბილისში ლიდერობს, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში კი ოპოზიციონერი კანდიდატები.
IPSOS-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მამუკა წოწერიას 51% აქვს, ანზორ მელიას — 49%.