პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ “შოუს”, რასაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დგამს, ერთადერთი მიზანია, გადავიდეს კერძო კლინიკაში.

 

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ერთადერთი მიზანი რევოლუცია იყო.

“რაც შეეხება სააკაშვილის მორიგ ამ მასკარადს და თეატრს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მისი ეს მცდელობა, ყველაფერი ეს შოუ, რაც მან დადგა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ რამენაირად, ასე ვთქვათ, გადასულიყო კერძო კლინიკაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი და ახლაც შემიძლია გავიმეორო — ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ის ბინძური პროვოკაცია, რაც მას ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა”, — თქვა ღარიბაშვილმა.

ექსპრეზიდენტი შიმშილობასთან დაკავშირებულ სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარს ამბობს მანამ, სანამ შეხვედრათა ოთახს პირვანდელი სახე არ დაუბრუნდება.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ციხეში, შეხვედრის ოთახში სივრცე, საიდანაც წერილებს აწვდიდნენ, ბადით დაფარეს. საძაგლიშვილის თქმით, ამის მიზანი ადვოკატებსა და სააკაშვილს შორის პირდაპირი კომუნიკაციისთვის ხელის შეშლა და მათი საუბრის ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლებაა.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის აღმართვის მიზეზი ისაა, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ. კერძოდ, უწყების განმარტებით, წერილებს ისინი ერთამანეთს “მაგიდაზე ასვლის გზით” აწვდიდნენ. ამასთან, სააკაშვილი უარს ამბობდა პირბადის გამოყენებაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *