იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა.
ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა იმ დასკვნაზე, რომელიც სახალხო დამცველმა პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულების შემოწმების შემდეგ გასცა.
დასკვნის მიხედვით დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.
იუსტიციის მინისტრით თქმით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, თუმცა დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომა იყო.
“ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. ქალბატონი ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში და მინდა მადლობა მოვახსენო ამ ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში და აქ არის ჩართული ქალბატონი ნინო ლომჯარიაც.
რაც შეეხება მის დასკვნას, აქ ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო — ექიმ-რეანიმატოლოგი ამჟამად არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში”, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ბრეგაძის თქმით, გუშინ ექიმებთან ერთად იმყოფებოდა ე.წ. ციხის საავადმყოფოში და მათი შეფასებით დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად.