თბილისის მერობის მოადგილეობის კანდიდატის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადებით, თუ ოპოზიცია 30 ოქტომბერს დანიშნულ მეორე ტუში გაიმარჯვებს და “ოცნების” დაკომპლექტებული საკრებულო ჩრდილოვან კაბინეტს მხარს არ დაუჭერს, ოპოზიცია თბილისის მართვის 90-დღიან გეგმას წარადგენს.
ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნების” საკრებულო არ დაუჭერს [ჩრდილოვან] კაბინეტის დამტკიცებას მხარს, ჩვენ წარვადგენთ 90-დღიან გეგმას და 90 დღეში ვაჩვენებთ თბილისს, თუ რამდენად დიდი სიკეთე მოაქვს კოალიციას, როგორი გეგმების განხორციელება იქნება დაწყებული და როგორ პროგრესს ნახავს ჩვენი ქალაქი”, — განაცხადა ხაზარაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ 20 ოქტომბერს დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერის მოადგილეები იქნებიან მამუკა ხაზარაძე; ზურაბ ჯაფარიძე; ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე.
ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენის შემდეგ, მეორე დღეს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა და თბილისის ამჟამინდელმა მერმა კახა კალაძემ მელიას წარდგენილ ჩრდილოვან კაბინეტს სასაცილო უწოდა “მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობით არის “ქართული ოცნება” წარმოდგენილი”.