საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის დათანხმდება მედიკამენტოზურ ჩარევას, თუმცა შიმშილობას არ შეწყვეტს.
მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
“ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ არ დაშავებულიყო. ასევე, მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ და ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლოდ, დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ, დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე.
სანამ დაპატიმრებული ვარ, არ მივიღებ საკვებს არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც შეზღუდულად, მაგრამ მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს”, – წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მასთან შეხვედრის შემდეგ.