პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს,
რომ მმართველი პარტიისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის. ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილი დასავლელი პარტნიორების ღია წერილს გამოეხმაურა, რომელშიც ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, რას ამბობს რომელიმე ევროპარლამენტარი, არამედ ის, რას ამბობს ქართველი ხალხი. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სპეკულაციაა, თითქოს ევროპარლამენტარები “ბრძნული სახით” გამოდიან და “ბრძნულ რჩევებს” გვაძლევენ.
„მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. ერთ რამეს ვეტყვი ყველას, რომ ამ სიაში ბევრი ქართული გვარები აღმოვაჩინეთ. ქართველი ევროპარლამენტარები მე არ ვიცი, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ – კანონის აღსრულებას, სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს. ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, სრულად არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც დადგენილია პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ. შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სამართლიანი სასამართლოს განაჩენამდე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოქვეყნებულ ღია წერილს 72 პოლიტიკოსი აწერს ხელს. მათ შორის არიან, ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ელჩები, მინისტრები.