შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მამუკა ჭელიძემ აცხადებს, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეპატრონე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
“დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, — განაცხადა ჭელიძემ.
“სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა”, — აცხადებს ჭელიძე.
მამუკა ჭელიძემ, ასევე, განაცხადა, რომ სააკაშვილის დასაკავებლად შეარჩიეს “ზუსტი და ეფექტური დრო”.