რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ევროკავშირის ჩართულობით
გამართული შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. გოლეთიანი ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრმა მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. მისივე განმარტებით, შეხვედრას არ დასწრებიან არც ეკონომიკის მინისტრი და არც უშუალოდ გადაწყვეტილებების მიმღებები.
“მოხდა აღნიშნული შეხვედრის შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია. ამ შეხვედრაზე იყვნენ მხოლოდ მინისტრების მოადგილეები. საბოლოოდ ჩვენ ვნახეთ მინისტრის განცხადება, როცა მან თქვა, რომ თურმე ჩვენგან ელოდებიან საჯარო პირობას, რომ თუ კი აიღებენ ბარიკადს და გავა პოლიცია, არაფერი მოხდება ჩვენი შესვლის შემდეგ და კომპანიას სამუშაოების შესრულებაში ხელი არ შეეშლება. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე საჯარო პირობას ვერ დავდებთ, ამგვარი პირობების დადებას ზოგადად პროტესტის ბუნება გამორიცხავს. ეს ნათქვამი იყო შეხვედრაზე და ამგვარი შეთანხმება არ ყოფილა,”-თქვა გოლეთიანმა.
რიონის ხეობის “მცველები” სამომავლო ნაბიჯებს არ აკონკრეტებენ.
“სამუშაო პროცესი ხეობაში შეჩერებულია. ვერ შედის საწვავი და ინვენტარი. ველოდებით პირობების შესრულებას, რომ შევძლოთ დიალოგის პროცესის გაგრძელება, რომ სამომავლოდ დაიწყოს მედიაცია. ვნახოთ შეასრულებენ ამ პირობებს. თუ არ შეასრულებენ, მუშა პროცესი ვერ გაგრძელდება. ველოდებით მათგან კონკრეტულ ქმედებებს,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება 18 ივნისამდე უნდა გახდეს ცნობილი.