იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არის დაინტერესებული ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან დიალოგის ფორმატში ყოფნით და ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესების დარეგულირებით.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგი გავაგრძელოთ და აქციების მაგივრად, მაგიდასთან გადაინაცვლოს მოლაპარაკებებმა.”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შალამბერიძე ამბობს, რომ ,,რიონის ხეობის მცველები,, ხელისუფლებასთან დასმულ საკითხებზე პასუხს, სამუშაო კვირის დასრულებამდე მიიღებენ.
“ხელისუფლების ინტერესი არის ის, რომ ეს სიტუაცია დარეგულირდეს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. თავისთავად, ჩვენი შეხვედრაც ემსახურებოდა იმ ერთ მიზანს, რომ რეალურად ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის მიგვეწოდებინა ყველა ის დეტალი, რასაც ეს ადამიანები ამბობენ და რა კითხვებიც მათ აქვთ. ჩვენ გვქონდა ბატონ ვარლამთან კომუნიკაცია, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ სამუშაო კვირის ბოლომდე დასმულ კითხვებზე ისინი პასუხებს მიიღებენ.
შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ “რიონის ხეობის მცველები” ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ წინაშე სამი მოკლე ვადაში განსახორციელებელი საკითხი დააყენეს: შეწყდეს ჰესის სამშენებლო სამუშაოები, გაიხსნას ნამოხვანის გზა და ხეობის მცველებს მიეცეთ პროტესტის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა.
რიონის ხეობის მცველების პროტესტი სოფელ გუმათთან გრძელდება. მათ კარვებში 178 ღამე გაათიეს. საპოლიციო ძალები ისევ იცავენ რიონის ხეობის შესასვლელს.