რიონის ხეობის “მცველების” პროტესტი
multicat=36 გრძელდება. 177-ე ღამეს პროტესტის მონაწილეები სოფელ გუმათთან მოწყობილ კარავში ათევენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებისთვის მიცემული დროის ამოწურვას ელოდებიან და ამის შემდეგ გადადგამენ გარკვეულ ნაბიჯებს.
“საზოგადოებას უჩნდება კითხვები, თითქოს დროს გვიწელავს ხელისუფლება და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ. სამწუხაროა, რომ მოცემულ მომენტში სამუშაოები მიმდინარეობს ხეობაში, რაც აუცილებლად შეწყდება. ჩვენ გადავალთ მოქმედებაზე. უბრალოდ ვუცდიდით იმ პირობების ვადის გასვლას, რომელიც უნდა შეესრულებინა ხელისუფლებას ქუთაისში შეხვედრის შემდეგ. ვადა უკვე იწურება. ჩვენ დავუკავშირდებით წარმომადგენლობას და მოვთხოვთ კონკრეტულ პასუხებს. შემდეგ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს, ვიმოქმედებთ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე,”-განაცხადა რიონის ხეობის “მცველმა” ვარლამ გოლეთიანმა.
თუ რიონის ხეობის “მცველების” პირობები არ შესრულდება, ისინი ქალაქების პიკეტირებასა და ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ.
რიონის ხეობის მოსახლეობა ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათ სხვადასხვა ქალაქიდან უერთდებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.