შინაგან საქმეთა სამინისტრო რიონის ხეობაში აქტივისტების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

 

,,“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.

აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო.

მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს,’’-ნათქვამია განცხადებაში

13 აპრილს კომპანია ,,ენკას’’ ოფისთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რა დროსაც ადგილზე ,,ენკას’’ ავტომობილები გამოჩნდენ, რომლებიც ნამოხვანისკენ მიემართებოდნენ. აქტივისტები მანქანებს წინ გადაუდგნენ და ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. დაპირისპირებისას პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა და 6 აქტივისტი დააკავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *