სახალხო დამცველი რიონის ხეობაში განვითარებულ
მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის.
კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს: დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს; საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ.
გუშინ, ნამოხვანში პოლიციამ საპროტესტო კარვები დაშალა, რის მიზეზადაც დაკარგული ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები და წყლის დონის მოსალოდნელი მატება დაასახელა.