“სახელმწიფო არ დგას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის
პრინციპების დასაცავად მოწოდების სიმაღლეზე. მათ აქვთ მცდელობა, რომ გადაიტანონ საკითხი იმ ჭრილში, თითქოს ჩვენ ვებრძვით ეროვნულ ინტერესს,”-ასე ეხმაურებიან ნამახვაჰესის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან ცილისმწამებლურ კამპანიას. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, “მწვანე ალტერნატივასა” და “საია”-ს საერთო განცხადებით, ხელისუფლება კანონდარღვევით მიმდინარე პროექტს ამართლებს.
“ადამიანის უფლებები ირღვევა, ადამიანის გადაადგილების უფლება შეიზღუდა. გუმათში ბლოკპოსტია იმისთვის, რომ პროტესტს არ შეუერთდნენ ადამიანები. აქციის მსვლელობისას მედიას შეეზღუდა მუშაობა. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეწყვიტოს რეპრესიული გზით ნამახვანის პროექტის დაცვა, პროექტის აღსრულება პოლიციური მეთოდებით. დღის წესრიგში უნდა დადგეს მოლაპარაკებების ფორმატი,”-განაცხადეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს მოუწოდებენ, რომ განამტკიცონ მხარდაჭერა და რისკის ქვეშ არ დადგეს პროტესტის მონაწილეების უფლებები.
თვეებია, ნამოხვანში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პარალელურად იმართება საპროტესტო აქციები. მოსახლეობა ღამეს კარვებში ათევს. კარავი ორ ლოკაციაზეა გაშლილი, გუმათსა და ნამოხვანში.