ქუთაისში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის ხედვის დოკუმენტი განიხილეს.
შპს ,,გეოგრაფიკმა” საზოგადოებას „ქუთაისის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის – „ქუთაისი 2040 განვითარების ხედვა“ გააცნო და წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნებიც მოისმინა.
დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისის განვითარება ქალაქის 4 ძირითადი ფუნქციის განვითარებას უნდა მოიცავდეს: დასავლეთ საქართველოს ცენტრი, ევროპის კარიბჭე, ცოდნის ქალაქი, ეკო ქალაქი.
ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება ოთხი ეტაპისგან შედგება: მოსამზადებელი კვლევები, ხედვა, კონცეფცია და გენერალური გეგმა. შპს ,,გეოგრაფიკმა” კვლევები უკვე მოამზადა, რომლის მიხედვითაც ხედვის ნაწილი შეიმუშავა. ამის შემდეგ მოხდება კონცეფციის ჩამოყალიბება. რაც შეეხება, გენერალური გეგმის დამტკიცებას, ამაზე გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია მიიღებს მონაწილეობას გეგმის დამტკიცებაში.
,,სანამ დაგეგმარებამდე მივალთ, მანამ უნდა გავიგოთ რატომ ვაგეგმარებთ. უნდა ვიცოდეთ რა ადგილობრივი ვერსიები უნდა გავითარდეს ეკონომიკურ, სოციალურ,გარემოს ჭრილში. რა ინდიკატორები უნდა განვითარდეს, აქ არ არის საუბარი ქუჩის სიგანეზე, შენობის სიმაღლეზე ან გამწვანების ტიპებზე, ამ ყველა დეტალთან ერთად მნიშვნელოანია პრინციპული გააზრება რატომ, როგორ და სად ვაკეთებთ მას ,რასაც ვაკეთებთ. ჯერ ამაზე შევთანხმდებით და გეგმის შემუშავება შემდგომი პროცესია. ჩვენ ვაკეთებთ გეგმისთვის საფუძველს, რომელიც არის ხედვითი და კონცეპტუალური და ეფუძნება კვლევებს, რომელიც ჩავატარეთ,’’-ამბობს ,,გეოგრაფიკის” დირექტორი, გიორგი გოცირიძე.
,,ჩვენ დღევანდელი დღის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავავრცელეთ. ,,გეოგრაფიკმა ”წარმოადგინა დოკუმენტი, რომლიც კიდევ დამუშავდება. 10-წლიანი ლოდინის შემდეგ ქუთაისს კონპეტენტური და განვითარებაზე ორიენტირებული გეგმა ექნება,’’-განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.
გენერალური გეგმის ხედვის ნაწილი სრულყოფილ სახეს, დაახლოებით, ერთ თვეში მიიღებს. რაც შეეხება გეგმის დამტკიცებას, მისი შემუშავება, დაახლოებით, 2 წლის ვადაში მოხდება.
ქუთაისის განვითარების გეგმის დამტიცების თაობაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. მერიამ სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქის განაშენიანების თაობაზე გენგეგმის დამტკიცების შესახებ ტენდერი 2020 წლის 14 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა’’ გაიმარჯვა. ტენდერის ღირებულება პირველ ეტაპზე 5`085 ლარს შეადგენს.