ქუთაისელი ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე ქუთაისის მერიის დაცვის სამსახურს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

 

დაპირისპირება ჟურნალისტსა და დაცვის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბუბა ჩივაძეს მერიაში შესვლის უფლება არ მისცეს. მიზეზად კი ქუთაისის მერის ბრძანება დაუსახელეს, რომელიც ჟურნალისტების მერიაში გადაადგილებას ზღუდავს.

,,არ მაძლევენ უფლებას შევასრულო ჩემი პროფესიული საქმიანობა. შემაფერხეს შემოსვლაზე, ხელი მკრეს და წამაქციეს. ქალაქის მერის მითითების საფუძველზე არ მიშვებენ. მოვიდეს მერი და განმარტოს რის საფუძველზე გვეკრძალება გადაადგილება მე და ჩემს კოლეგებს, ‘’-ამბობს ბუბა ჩივაძე

ამის შემდეგ ბუბა ჩივაძემ შიმშილობა დაიწყო. ის ქუთაისის მერის კაბინეტში შევიდა და მერთან შეხვედრას ითხოვდა.   სამართალდამცველებმა ჟურნალისტი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს და პატრულის ავტომობილით წაიყვანეს. შემთხვევის დროს ბუბა ჩივაძე შეუძლოდ გახდა. ამჟამად ის კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს მერიაში შესასვლელად სპეციალური საშვი სჭირდებათ. მერიის ინფორმაციით, ბუბა ჩივაძეს საშვის გაცემაზე უფლებამოსილმა პირმა სთხოვა ამოეწერა საშვი, მაგრამ მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა და მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა, რის შემდეგადაც ის სამართალდამცველებმა შენობიდან გაიყვანეს.

,, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 მარტის #ბ44.442106463 ბრძანებით, დამტკიცებულია ქუთაისის მერიის შინაგანაწესი, რომლის 55-56-ე მუხლები არეგულირებს მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა, მოქალაქეთა, მათ შორის მედიის წარმომადგენელთა შემოსვლის და გადაადგილების წესს. კერძოდ, აღნიშნული განაწესის შესაბამისად, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა, მოქალაქეთა, მათ შორის მედიის წარმომადგენელთა შემოსვლა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული საშვის გაცემის შემდგომ.

ქუთაისის მერიის ზემოთ აღნიშნული ბრძანება განთავსებულია ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელში, ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე, რომლის გაცნობაც ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია. ქუთაისის მერია არ უზღუდავს არავის ადმინისტრაციულ შენობაში შემოსვლის უფლებას, თუმცა, უსაფრთხოებისა და შენობაში განთავსებული მატერილური ფასეულობების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა გადაადგილება გარკვეულ კონტროლს უნდა იყოს დაქვემდებარებული. სწორედ ამ საკითხს არეგულირებს ქუთაისის მერიის 2021 წლის 5 მარტის Nბ 44.442106463 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესი. მერიის შენობის მოქალაქეთა მისაღებში შემოსულ ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს საშვის გაცემაზე უფლებამოსილმა პირმა სთხოვა ამოეწერა საშვი, რის შემდეგაც მიეცემოდა შენობაში გადაადგილების უფლება. ის არაერთხელ იქნა გაფრთხილებული საშვის ამოწერის აუცილებლობის თაობაზე, თუმცა მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. არ დაემორჩილა დაცვის პოლიციის მოწოდებას, წინააღმდეგობა გაუწია მათ და მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა,’’- აცხადებენ მერიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *