,,სამართლიანი არჩევნების’’ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე
ქუთაისში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს ადგილობრივი ორგანიზაციების გაცნობა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა. ნინო დოლიძის თქმით, პოლიტიკური პარტიები ყოველ არჩევნებზე ახალ-ახალ მანიპულაციისა და გაყალბების გზებს ეძებენ და სამოქალაქო საზოგადოება, მედიასთან ერთად მობილიზებული უნდა იყოს, რათა გამოავლინოს ასეთი ფაქტები.
,,საარჩევნო წელი მოითხოვს დაკვირვებას. არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება. გაყალბება ერთი წლით ადრე იწყება. ხშირად სახელმწიფოს მიერ გამოყენებული დახმარებების უკან დიდი ჯგუფი დგას. ადამიანები, რომლებიც ამ დახმარებას იღებენ თავს ვალდებულად გრძნობენ ხელისუფლების წინაშე. ასევე ბევრს ეშინია სამსახურის დაკარგვის და იძულებულია ხმა მთავრობას მისცეს. უნდა ვიმუშავოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რათა მოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ მათი ხმა ფარულია და არავის აქვს უფლება უკარნახოს რა გადაწყვეტილება მიიღოს არჩევნების დღეს, უკვე უნდა დავიწყოთ არჩევნების მონიტორინგი,’’-ამბობს ნინო დოლიძე.
ნინო დოლიძემ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის დაძლევის გზებზეც ისაუბრა და პრობლემის გადაჭრაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ევროპარლამენტარები ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაუარესებაზე საუბრობენ, ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას.
..ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და ხელისუფლებამ, ხალხის არჩევანს პატივი უნდა სცეს. საჭიროა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დაახლოვოს ხედვები, რომ ქვეყანა წინ წავიდეს,’’-ამბობს ნინო დოლიძე.