კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის საქართველოში

შემოტანას ხვალ, 13 მარტს ელოდებიან. პირველ ეტაპზე თბილისში “ასტრაზენეკას”  43 200 დოზას შემოიტანენ, რომელიც შემდგომ გადანაწილდება. აცრები კი 15 მარტიდან უნდა დაიწყოს და ის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაკეთდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე ვერ აკონკრეტებს თბილისში შემოტანილი ვაქცინიდან ქუთაისს რა რაოდენობის ვაქცინა შეხვდება. 

“ველოდებით, მეტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. რაც სამინისტრომ გაავრცელა, იმის გარდა სხვა ინფორმაცია ჯერ არ არის. როგორც კი საქართველოში ვაქცინა შემოვა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზად არის, რომ ერთ დღეში მოახდინოს ვაქცინის დისტრიბუცია. ჯერ-ჯერობით ვაქცინის რაოდენობის დასახელება არ შემიძლია,”-ამბობს გოჩა გიორგიძე. 

ვაქცინის შენახვა ცივი ჯაჭვის სისტემით მოხდება, რომელიც გიორგიძის განმარტებით, გამართული აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და მისი შენახვა ამ პრინციპების დაცვით მოხდება. გიორგიძის თქმით, ვაქცინა მიეწოდება იმ დაწესებულებებს, რომლებიც არის დარეგისტრირებული ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებად.

“ქუთაისში ბევრი გვყავს და მთლიანად იმერეთში ბევრია დაწესებულება, რომელიც ზოგადად ვაქცინაციას ახორციელებს. მათ შორის არის სტაციონალური ქსელი, პოლიკლინიკური ქსელი, ამბულატორიული დონე. ყველა ეს დაწესებულება მონაწილეობს ვაქცინაციის პროცესში და იქედან გამომდინარე, რომელი ვაქცინა და რა რაოდენობით იქნება შემოსული მოხდება გადანაწილება,”-აცახდებს გოჩა გიორგიძე.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი მაღალი პრიორიტეტის ჯგუფია და ვაქცინის პირველი დოზები სწორედ მათთვისაა განკუთვნილი.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *