საახალწლოდ მთავრობამ შეზღუდვების

 

multicat=36 ნაწილობრივ შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები. მაგრამ ხელისუფლება ბიზნესს გარკვეული რეგულაციების დაცვით ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

რა რეგულაციების დაცვას ითხოვს მთავრობა

მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე განისაზღვრება. მომხმარებლების დაშვება ნაკადების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს. მაღაზიის ყოველ 20 კვ. მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა. შიდა და გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა. ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს. ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებენ. მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თვის შემდეგ უნდა მოხდეს. სავაჭრო ობიექტებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით, დაცული უნდა იყოს პირბადის ტარების წესი.

ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სავაჭრო ობიექტებს დაეკისრებათ, რაც მათ დაჯარიმებაში ან საქმიანობის შეჩერებაში გამოიხატება.

რა სირთულეები ხვდება ბიზნესს

ქუთაისში არსებული სავაჭრო ცენტრის “გრანდ მოლის” დირექტორი ნატო დანელია ამბობს, რომ სახელმწიფომ შეუსრულებადი გადაწყვეტილება მიიღო. ობიექტის დირექტორი ვარაუდობს, რომ “გრანდ მოლი” ვერ გაიხსნება. ნატო დანელია თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ამის ფონზე კი რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ობიექტებს ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი დევნითა და ფუნქციონირების შეწყვეტით ემუქრება.

“სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეუსრულებადია. ვალდებულებები, რომლებიც დაგვაკისრა, შეუძლებელია ჩვენს სივრცეში შესრულდეს. 20 კვ. მ-ზე ერთი ადამიანის ყოფნა არის გამორიცხული. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პატარა სავაჭრო ობიექტები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არის 15-20 კვადრატი. ასევე, ქუჩის ნაკადების სამართავად დაახლოებით 40 ადამიანის დაქირავება მომიწევს. ოქროს ბირჟაზე 200 ადამიანია დასაქმებულია, რა ვუყოთ ოქროს ბირჟას. სალონში, რომლის მოცულობა სულ არის 20 კვადრატი, მინიმუმ ზის 6 ხელოსანი, პლიუს უნდა შევიდეს 6 კლიენტი. ეს როგორ დავარეგულირო. ტექნიკის შემკეთებელი ხელოსნები 5-10 კვადრატში სხედან. გასახდელების გამოყენების გარეშე, მოზომვის გარეშე როგორ შეიძინოს ტანსაცმელი ადამიანმა,”-ამბობს ნატო დანელია.

რა მდგომარეობაში არიან მოვაჭრეები პანდემიის ფონზე

“გრანდ მოლის” დირექტორი ამბობს, რომ თანამშრომლებს აღარ აქვთ უნარი, დაფარონ საბანკო თუ სხვა ტიპის ვალდებულებები. მისივე განმარტებით, დასაქმებულების 80 პროცენტი მცირე მოვაჭრეა და ყოველდღიურ ფულზეა დამოკიდებული და ახლა “სულს ღაფავენ”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *