ქუთაისის საოლქო კომისიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცესკოში, კომისიიდან გამოაძევა, რის გამოც ისინი 102-ე უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ვერ დაესწრნენ.

მიღებულ გადაწყვეტილებას პარტიის წარმომადგენლები უკანონოდ მიიჩნევენ.

 

,,საჩივრის განხილვისთვის დამიბარეს საოლქო კომისიაში, მაგრამ შემდეგ შენობა იმის გამო დამატოვებინეს, რომ ფანჯარა გამოვაღე და გარეთ გამართულ საპროტესტო აქციას ვუყურებდი. გესმით? ფანჯრის გამოღების გამო სულ წიხლებით გამომაგდეს. გვითხრეს თქვენი გაძევების შესახებ ოქმია შედგენილიო, მაგრამ ვერ გვაჩვენეს ეს ოქმი. სადაა სამართალი;’’-ამბობს ,,ლეიბორისტული პარტიის ‘’ წარმომადგენელი ქუთაისის 102-ე უბანზე, იანა ჯანელიძე. მასთან ერთად საოქლო კომისია ,,ლეიობორისტული პარტიის” წარმომადგენელს ცესკოში, გაგი ახალაძესაც დაატოვებინეს.

ქუთაისის #59  საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ სხდომა ყველასთვის ღია იყო,  შენობა კი მხოლოდ პროვოკატორებს დაატოვებინეს.

ქუთაისის საოლქო კომისიამ 102-ე უბნის შედეგები თავიდან გადაითვალა. როგორც საოლქო კომისიის მდივანმა, ლარინა ლალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შედეგები იგივე დარჩა.

კომისიაში საჩივრების განხილვა აქციების პარალელურად მიმდინარეობდა. საოლქო კომისიის წინ შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების შედეგს გაყალბებულს უწოდებდნენ და განმეორებით არჩევნებს ითხოვდნენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *