ქართველი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტის,საზოგადო მოღვაწის, საქართველოს
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი წერეთლის დაბადებიდან დღეს 180 წელი შესრულდა.
ის საჩხერეში, სოფელ სხვიტორში დაიბადა. აკაკი წერეთელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო. 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― “საიდუმლო ბარათი” მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ილია ჭავჭავაძესთან ერთად ის სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში. პოეტმა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების, სრულყოფისა და ხალხში მისი დამკვიდრების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სკოლების, თეატრების, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა განვითარებას. დიდი როლი შეასრულა ქართული პერიოდული პრესის განვითარების საქმეში.
აკაკი წერეთლის შესახებ გადაღებულმა ფილმმა კი “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის სახელი დაიმკვიდრა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში.