ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. ისინი ერთი კვირაა შახტში ჩასვლასა და მუშაობის
დაწყებაზე უარს აცხადებენ. გაფიცულები ამბობენ, რომ სამუშაოს არ დაუბრუნდებიან მანამ, სანამ მათი მითხოვნები არ დაკმაყოფილდება-ადგილზე უსაფრთხო სამუშაო პირობები არ შეიქმნება და ანაზღაურება არ შეიცვლება.
მეშახტეები მათი პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლებას მიმართავენ და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. მეშახტეებმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც რამდენიმე დღის წინ შახტში დამხმარე ჭაური გაიჭედა.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა შახტში უსაფრთხოების ნორმების დაცვა. რამდენიმე დღის წინ დამხმარე ჭაურმა ავარიული დაშვება განახორციელა, რომელმაც საფრთხე ათობით მეშახტის სიცოცხლეს შეუქმნა. ჩვენი მეორე მოთხოვნა ხელფასების მატებაა. მოვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს დანაპირები და მოგვარდეს ჩვენი პრობლემები,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.
პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, კომისიის მუშაობის შემდეგ, დაიდო დასკვნა, რომ შახტში მუშაობის გაგრძელება შესაძლებელია.
“კომისია ჩამოვიდა და დადეს დასკვნა, რომ შახტში მუშა პროცესში შეიძლება გამოსწორდეს ის ხარვეზები, რაც დარღვეულია დამხმარე ჭაუხში. კომისიის დასკვნის მიხედვით, შახტში მუშაობის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა, მეშახტეები პროტესტს ხელფასების მომატების მიზეზით აგრძელებენ,”-ამბობს პირველადი პროფკავშირების წარმომადგენელი გაგა ისაკაძე.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ.