ევროკავშირის პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში COVID-19-ისგან პრევენციის მიზნით,
დაიგეგმა საინფორმაციო კამპანია, რომელიც ხორციელდება ათი რეგიონული ჰაბის, ბიზნესის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით.
პანდემიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რათა მათ შესძლონ მზადყოფნისა და რეაგირების შესაბამის ეტაპზე ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და სათანადო ღონისძიებების განხორციელება საკუთარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, მოქალაქეების მიერ, ჰიგიენის და სოციალური დისტანცირების წესების სწორი დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მიუხედავად მიმდინარე მასიური საინფორმაციო კამპანიებისა, როგორც ტრადიციული, ისე სოციალური მედია საშუალებებით თუ სოციალური ქსელებით, ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებს მიეუთვნებიან. მათ შორისაა საზღვრისპირა და რაიონულ ცენტრებს მოშორებული სოფლების მაცხოვრებლები, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა. აღიშნულ სამიზნე ლოკაციებში დეზინფორმაციის გავრცელების ალბათობის რისკი მაღალია.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია საქართველოს 10 რეგიონში, წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციაში (ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში) მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების შესახებ, რაც გულისხმობს, იმ უწყებების სარეკომენდაციო წესებისა და საკონტაქტო ინფორმაციების გავრცელებას როგორიცაა: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი -112; ჯანდაცვის სამინისტრო; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი.
მოსახლეობის პირდაპირი ფორმით ინფორმირების მიზნით, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე, პურზე იმერეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიის რეგიონებში მოქმედი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პურის მწარმოებელი კომპანიების: “ელვა”, შპს “მადლიანი 1”, შპს “ლეკო” , შპს “ვასაძის პური”, შპს “ხელვაჩაურის პურპროდუქტები”, შპს “ნაღდი პური”, შპს “ცინბა” მიერ წარმოებულ 173,760 პურზე განთავსდა საინფორმაციო სტიკერები და გავრცელდება სამიზნე მოსახლეობაში. ხოლო, 22,500 ცალი სურსათის ჩანთა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უფასოდ გავრცელდება სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით.
აგრეთვე სურსათის ჩანთები გასავრცელებლად გადაეცემათ ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებლო ორგანოებს, რომლებიც მუნიციპალიტეტების მასშტაბით მოწყვლად ჯგუფებს პროდუქტებს აწვდიან.
“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან , კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან , საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი , ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი .