საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს,
ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.
“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.
საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ,”-ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტია, ხოლო ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 162 ადამიანი.