,,ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია კორონავირუსის პრევენციასთან
დაკავშირებით იმერეთში სპეციალური შტაბის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, იმერეთი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ რისკჯგუფშია.
,,იმერეთი კორონავირუსის გავრცელების რისკჯგუფშია. ამ დროს იმერეთის გუბერნია, იმერეთის თვითმმართველობები არაფერს არ აკეთებენ და მხოლოდ შემოიფარგლებიან საჩვენებელი სურათებით. პირველი მოთხოვნაა, შეიქმნას საგანგებო შტაბი, რომელიც იმუშავებს 24 საათი და პირველ რიგში ექნებათ მოქალაქეებთან კომუნიკაცია და რეკომენდაციებზე დააწესებს კონტროლს. მნიშვნელოვანია, დღეში ერთხელ მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია რა კეთდება ამ მიმართულებით.”- განაცხადა გიგა შუშანიამ.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.