“პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის მასშტაბები და მისი გამოვლინებები,
ჯანდაცვის მდგომარეობა, გადატვირთულობა, პერსონალის ნაკლებობა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პრობლემები – ეს საკითხები წარმოადგენდა N2, N8, N14 და N15 დაწესებულებების მონიტორინგის მთავარ საგანს”, – განაცხადა სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნინო ლომჯარია პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა.
მონიტორინგისა და მიდევნების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება.
ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში ჯგუფური გასაუბრების დროს, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს საცხოვრებელ კორპუსში და ეზოში მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფი (სავარაუდოდ კრიმინალური სუბკულტურის მიმდევრები) დაჰყვებოდნენ, რომლებიც სხვა მსჯავრდებულებს გულახდილად საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ.
მონიტორინგმა გამოავლინა, რომ თითოეული საკნის “საწევრო” გადასახადის ეკვივალენტის ყავა და სიგარეტი ბარდება არაფორმალურ მმართველებს. ამის შემდგომ კი, პატიმრები სიგარეტს არა მაღაზიაში, არამედ “მაყურებლისგან” ყიდულობენ. მათი ახლობლები თანხას რიცხავენ “მაყურებლების” მიერ კონტროლირებულ საბანკო ანგარიშებზე ან სპეციალურად გახსნილ ტოტალიზატორის ანგარიშზე.
სახალხო დამცველი წლებია გასცემს რეკომენდაციას, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგია.