ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა გადაწყვიტა,
ახალი კომპანია დააფუძნა. შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას” ამჟამად მხოლოდ ერთი თანამშრომელი, გიორგობიანი ჰყავს, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.
“დღეის მდგომარეობით მხოლოდ მე ვარ დანიშნული. რამდენიმე დღეში დაინიშნებიან ის ადამიანები, რომლებმაც ჩემთან ერთად კომპანია უნდა ააწყონ, საუბარია 7-8 ადამიანზე. ვცდილობთ, რომ კომპანიას ხარჯები თავიდანვე არ გაეზარდოს. შემდეგ უკვე დავამატებთ საჭირო კადრებსაც,”-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.
რაც შეეხება მერიის ყოფილ თანამშრომელს, ნუგზარ ხუციბერიძეს, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო ქალაქის მერმა სამსახურიდან გაათავისუფლა და რომლის დანიშვნასაც ახლადშექმნილ კომპანიაში ვარაუდობენ, გიორგობიანი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა იმ შემთხევაში განიხილება, თუ ის ახალ კომპანიაში დასაქმების სურვილით განცხადებას შეიტანს.
“განცხადებებს ვღებულობთ იმ მოქალაქეებისას, რომელთაც ჩვენთან მუშაობის სურვილი აქვთ. განიხილება ყველა განცხადება, ყველას აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში. თუ ბატონ ნუგზარს მუშაობის სურვილი ექნება, ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ მის კანდიდატურას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მისი გადაწყვეტილება და პირადი საქმეა,”-ამბობს გიორგობიანი.