ახლადრეაბილიტირებული ქუთაისის თოჯინების თეატრის გახსნა 14 იანვარს პრემიერით იგეგმება.
პატარა მაყურებლისათვის სპექტაკლი “ჩხიკვთა ქორწილი” დაიდგმება. ამის შესახებ თოჯინების თეატრის სამხატვრი ხელმძღვანელმა, ლევან გაბრიჭიძემ განაცხადა.
“ტექნიკური თვალსაზრისით რემონტი დასრულებულია. დარჩა დეტალები და ექსპერტიზა. პირველი სპექტაკლის ჩვენება 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს და ძველით ახალ წელს იგეგმება. ოფიციალურად შენობის გახსნას, ალბათ, პრემიერას დავამთხვევთ, რა თქმა უნდა, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი დეტალი არ აღმოჩნდა,”-განაცხადა ლევან გაბრიჭიძემ.
რაც შეეხება გასულ წელს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეაბილიტაციის პირობებში თეატრმა მაქსიმუმი გააკეთა.
“გამოვიდა ერთი ახალი სპექტაკლი, მაგრამ შემოქმედებითი თვალსაზრისით ვერ ვიტყვი რომ დატვირთულად გამოვუშვით სპექტაკლები.
თუმცა, სპექტაკლებს ვატარებდით მესხიშვილის თეატრში, ოპერის თეატრსა და ნიღბების თეატრში. იმ ინტენსივობით, რასაც ადგილზე ვაკეთებდით ვეღარ, თუმცა, რეაბილიტაციის პერიოდში თეატრმა მაქსიმალური გააკეთა, რომ არ გაჩერებულიყო,”-ამბობს ლევან გაბრიჭიძე.
რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, ლევან გაბრიჭიძის თქმით, იგეგმება 4 ახალი სპექტაკლის დადგმა. გარდა ამისა, თეატრი ახალი რეჟისორებისა და ცნობილი სახეების მოწვევას გეგმავს. დაიტვირთება თეატრის ეზოც, სადაც პერფორმანსები, ფლეშმობები და გამოფენები მოეწყობა.