ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. შენგელია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ოჯახმა და საზოგადოებამ მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე და კონკრეტული პირების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები გამოყენებულ იქნეს მთელი სიმკაცრით.
“გუშინ ჩვენ ყველამ ერთად დავკარგეთ 15 წლის მოზარდი. ეს არის უმძიმესი ფაქტი. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს. გამოძიება მიმდინარეობს დამოუკიდებელი უწყების მიერ, მნიშვნელოვანია, ოჯახმა და საზოგადოებამ მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე და კონკრეტული პირების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები გამოყენებულ იქნეს მთელი სიმკაცრით,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდი მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის სამართალდამცავებმა “მწანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების გამო დაკითხეს.