ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ
ქუთაისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარი მედიასთან გააკეთა. ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აქციებზე საჯარო მოხელეების მობილიზება მოახდინა. ვაშაძე ამბობს, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას, რასაც ხელისუფლება ცდილობს, ადგილი არ ექნება და ოპოზიცია არჩევნებისათვის მზადებას კანონის ფარგლებში გააგრძელებს.
“აქციებზე მოჰყავთ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები და აყვირებენ. გვიბიძგებენ არაცივილიზებული ბრძოლისკენ. ჩვენი აქტივისტები ექსცესებში ჩართვას არ აპირებენ. არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, არჩევნებისათვის ცივილიზებულ მზადებას გავაგრძელებთ. ამისთვის პასუხს არჩევნებზე მიიღებენ. ქუთაისი მასობრივად გეტყვით უარს,”-განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, რატომ არ დაიკითხა “ოცნების” მხარდამჭერების მიერ მოწყობილ აქციებზე მომხდარ ინციდენტებში მონაწილე პირები, ვაშაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავებს აქვთ დავალება, მსგავს პირებს ხელი არ შეუშალონ, რითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გადაფარავენ.