ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან
შეკრებილი “ოცნების” მხარდამჭერები, რომელთაც შენობას ცოცხები, კვერცხები და საღებავები დაუშინეს, დაიშალნენ. ტერიტორიას ეტაპობრივად ტოვებენ სამართალდამცავებიც.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში კი მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად ემზადება გრიგოლ ვაშაძე. ოპოზიციის ლიდერი დღეს თანაგუნდელებს ხვდებოდა. ვაშაძეს თავდაპირველად ჟურნალისტებთან შეხვედრა 13:30 საათზე ჰქონდა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა შეკრება თეთრ ხიდზე დაიწყეს, შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის და ბოლოს ენმ-ის ოფისთან მივიდნენ. “არა გაერთიანებულ ოპოზიციას”, “თქვენ ხართ ანტიეროვნული მოძრაობა”-სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება.