წყალტუბოში ავარიული სანატორიუმები დაიხურება და იქ მცხოვრებ დევნილებს
ბინები ახლადაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. ამის შესახებ იმერეთშ ვიზიტისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის ვზიტისა და განცხადების შესახებ ინფორმაციას იმერეთის გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს.
“მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისში, ამჟამად მიმდინარეობს 480 ბინიანი, სამი შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა დევნილი ოჯახისთვის, აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენეებისგან შეძენილია 245 ბინა და უახლოეს მომავალში დამატებით, კიდევ 320 ბინიანი სახლის მშენებლობა დაიწყება შერვაშიძის ქუჩაზე. წყალტუბოში კი ჯამში, მიმდინარეობს 560 ბინიანი 8 კორპუსის მშენებლობა.
მშენებლობის დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, ქუთაისსა და წყალტუბოში არაერთი ნგრევადი ობიექტი დაიხურება. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში სრულად დაიხურება ყველა ავარიული სანატორიუმი და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.
სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ 2000-მდე დევნილ ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა.”- წერია იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურის იმერ გავრცელებულ ინფორმაციაში.