ქუთაისში ტროტუარზე პარკირება დაჯარიმებადი ხდება. შესაბამისი განცხადება დღეს
ქუთაისის მერიაში გააკეთეს. როგორც ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ განაცხადა, პირველ ეტაპზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდება ყველა ფაქტის გამოვლენა და გაფრთხილების დოკუმენტით ინფორმირება სამართალდარღვევის შესახებ. განმეორებით შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.
“გვინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობოთ, რომ ქუთაისის მერიამ აქტიურად დაიწყო ფიქრი ტროტუარებზე პარკირების შემთხვევაში დაჯარიმებასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე სადაც აღმოვაჩენთ ასეთ ფაქტს გამაფრთხილებელი დოკუმენტი დახვდებათ მძღოლებს და განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები. მოვუწოდებთ ავტომანქანების მფლობელებს ფეხით მოსიარულეთა ბილიკებზე მანქანების პარკირებისგან შეიკავონ თავი რათა თავიდან იქნეს აცილებული ფეხით მოსიარულეთა უფლებების დარღვევა და ჩვენს მიერ დაწესებული საჯარიმო სანქცია.”- განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
მისივე განცხადებით, ჯარიმის ოდენობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 10 -დან 500 ლარამდე განისაზღვრება.
ფოტო:რადიო “ძველი ქალაქი”